ყოველკვირეული კომენტარი - ისლამური ფატვას საბჭოს რელიგიური დადგენილება ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ შესახებ
ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC)
ყოველკვირეული კომენტარი
15 მარტი, 2023 წელი
ისლამური ფატვას საბჭოს რელიგიური დადგენილება
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ შესახებ
2023 წლის 7 მარტს, ქალაქ ნაჯაფში (სამხრეთ ერაყი) არსებულმა სუნიტი, შიიტი და სუფი მოხელეებისგან დაკომპლექტებულმა ისლამური ფატვას საბჭომ გამოსცა რელიგიური დადგენილება (ფატვა), რომელშიც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“, მისი წევრების მხარდაჭერა, მათთან ნებისმიერი სახის კავშირის დამყარება ან მათთვის ლოცვა არარელიგიურად გამოაცხადა.
ისლამური ფატვას საბჭოს სპიკერის, შეიხი მუჰამედ ალი ალ-მაქდისის განმარტებით, დადგენილების გასაჯაროების გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებული ორგანიზაციის „სამშვიდობო კომუნიკაციის ცენტრის“ მიერ ე.წ „ღაზას ჩურჩულის“ (Whispered in Ghaza) პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა, რომლებშიც ადგილობრივი პალესტინელები საუბრობენ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მმართველობის პირობებში არსებულ რთული ცხოვრების წესზე.
...ღაზას სექტორში მცხოვრები, დახმარების გარეშე დარჩენილი პალესტინელების მიმართ ჰამასის მმართველობის პირობებში განხორციელებული ჩაგვრა, გვაკისრებს მათი დახმარების რელიგიურ ვალდებულებას... [ადაპტირებული თარგმანი] - შეიხი მუჰამედ ალი ალ-მაქდისი, ისლამური ფატვას საბჭოს სპიკერი.
შინაარსობრივი თვალსაზრისით, დადგენილების ტექსტი არაბთა გაერთიანებული საამიროების ფატვას და საუდის არაბეთის უფროს მკვლევართა საბჭოს საერთო პოზიციის მსგავსია, რომლის მიხედვითაც, ტერორისტული ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ და მათთან დაკავშირებული ყველა ერთეულის (მათ შორის, „ჰამასის“) ქმედებები „ეწინააღმდეგება შარიათს და შეურაცხყოფას აყენებს ისლამს“.
მიუხედავად იმისა, რომ ისლამური ფატვას საბჭოს რელიგიურ დადგენილება სამართლებრივი პასუხისმგებლობის მატარებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს, ისლამურ სამყაროში საბჭოს მიმართ გამოცხადებული ნდობა, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხარდამჭერის შემცირების შესაძლებლობას ქმნის. ისლამური ფატვის საბჭოს სუნიტი ლიდერის მუფთი შეიხ აბდულა ალ-დიბანის და საბჭოს წევრი შიიტი მოხელის ალ-ბუდაირის კონსოლიდირებული კრიტიკული პოზიცია „ჰამასის“ მიმართ, ერთის მხრივ საფრთხეს უქმნის მის ლეგიტიმურობას ღაზას სექტორში, ხოლო მეორეს მხრივ - ჩრდილს აყენებს „ჰამასის“ ურთიერთობას მის დამფინანსებელ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან.
- ბექა ფარსადანიშვილი -
კვლევითი პროექტების მენეჯერი
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC)