სიახლე

M-23 კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ვირუნგას ეროვნული პარკის ოპერატორმა როიტერსთან საუბრის დროს დაადასტურა, 16 აგვისტოს “23 მარტს აჯანყებულების” (M-23) მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად პარკის ტერიტორიაზე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის დაზიანება. როიტერსის ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად დაიღუპა რამდენიმე სამოქალაქო პირი.

M23 ან „23 მარტის მოძრაობა“ არის შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც მოქმედებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DRC), განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში. დაჯგუფება პასუხისმგებელია საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებსა და ომის დანაშაულებზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციაში.[1] მიუხედავად იმისა, რომ M23 2013 წელს დაამარცხეს კონგოს არმიამ (FARDC) და გაეროს სტაბილიზაციის მისიის, MONUSCO-ს სპეციალურმა ძალებმა, 2021 წლის ნოემბერში დაჯგუფებამ აღდგენა დაიწყო.

„23 მარტის მოძრაობა“ 2012 წელს შეიქმნა და მისი სახელი უკავშირდება 2009 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და „ხალხის თავდაცვის ეროვნულ კონგრესს“ (National Congress for the Defence of the People (CNDP)) შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის თარიღს. CNDP მეამბოხე მილიცია იყო, რომელიც ძირითადად ეთნიკური ტუტსებისგან შედგებოდა. შეთანხმების თანახმად, CNDP-ის ყოფილი მებრძოლები ეროვნულ ჯარში უნდა ინტეგრირებულიყვნენ. თუმცაღა, ზოგიერთი მათგანი თვლიდა, რომ სამართლიანად არ ექცეოდნენ და სამშვიდობო ხელშეკრულება სრულად არასოდეს ამოქმედებულა. ამ მიზეზების გამო მათ ჯარი დატოვეს და ჩამოაყალიბეს M23-ის მოძრაობა.[2] ამასთან, რიგი ანალიტიკოსებისა და კონგოს მთავრობის წარმომადგენლების მოსაზრებით, რეალურად აჯანყება დაიწყო მაშინ, როდესაც მთავრობა აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ, დაეპატიმრებინა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) გადაეცა CNDP-ის მაშინდელი ლიდერი ბოსკო ნტაგანდა.[3]

როგორც აღვნიშნეთ, მეამბოხეები მიეკუთვნებოდნენ ეთნიკურ უმცირესობას - ტუტსის ჯგუფს და მჭიდრო კავშირები ჰქონდათ მეზობელ რუანდასთან.[4] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს ცნობით, M23 ძირითად სამხედრო მარაგს იღებდა რუანდის თავდაცვის ძალებისგან იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე საბრძოლო მოქმედებებისთვის მატერიალური მხარდაჭერის სახით.[5]

2010 წლის 1 ივლისიდან კონგოში მოქმედებს „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტაბილიზაციის მისია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ (MONUSCO). ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებული იყო MONUSCO რეგიონში სტაბილიზაციისა და მშვიდობის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, თუმცაღა აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 28 მარტის რეზოლუცია 2098-ით გაეროს უშიშროების საბჭომ შექმნა სპეციალიზებული „ინტერვენციის ბრიგადა“ სამშვიდობო ოპერაციის გასაძლიერებლად და შეიარაღებული დაჯგუფებების „ნეიტრალიზაციისა და განიარაღებისთვის“ კონგოში. ბრიგადა შედგებოდა სამი ქვეითი ბატალიონისგან, ერთი საარტილერიო და ერთი სპეცდანიშნულების ძალისა და სადაზვერვო ასეულისგან, მთავარი შტაბით გომაში. რეზოლუციაში მკაცრად იყო დაგმობილი „23 მარტის მოძრაობა“ და კონგოში მოქმედი სხვა უცხოური და ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები. ეს იყო გაეროს პირველი „შეტევითი“ საბრძოლო ძალების შექმნის პრეცედენტი, რომელსაც დაევალა კონგოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად „ძლიერი, მობილური და მრავალმხრივი“ შეტევითი ოპერაციების განხორციელება, რათა ჩაეშალათ ამ ჯგუფების საქმიანობა.[6] უკვე აგვისტოში გაეროს სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელმა სამშვიდობოებს უბრძანა, განეხორციელებინათ „აუცილებელი ქმედება“ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და შეიარაღებული ჯგუფების წინსვლის შესაჩერებლად ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში განახლებული ბრძოლების საპასუხოდ. [7] ამას გარდა, 2012 წლის 20 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია 2076, რომლითაც მოითხოვდა M23-ის დაუყოვნებლივ გაყვანას აღმოსავლეთ კონგოს მთავარ ქალაქ გომადან, შემდგომი წინსვლის შეწყვეტასა და გარე მხარდაჭერის შესახებ ანგარიშების დაზუსტებას.[8] 2013 წელს გამოცხადდა იარაღის ემბარგო M23-ის წინააღმდეგ.[9] MONUSCO-ს ძალებმა დიდი წვლილი შეიტანეს 2012 წელს რუანდასა და კონგოს საზღვარზე მდებარე ქალაქ გომადან M23-ის ძალების უკან დახევისა და 2013 წელს პირველი აჯანყების დასრულებაში.

რაც შეეხება ამჟამად არსებულ სიტუაციას, 2013 წელს დამარცხების შემდეგ, M23-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას მთავრობასთან, რომელიც მოიცავდა დებულებებს მისი მებრძოლების სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესახებ. მაგრამ, ჯგუფმა კვლავ დაადანაშაულა მთავრობა შეთანხმების უგულებელყოფაში და განაახლა ბრძოლა გასულ წელს. მათი უახლესი შეტევა მარტის ბოლოს დაიწყო. [10]

აქ საგულისხმო დეტალია ის, რომ 2013 წელს კონგოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წინააღმდეგობის გამო, ჩაიშალა M23-ის მცდელობები, ჩართულიყვნენ განიარაღების, დემობილიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებში (DDR). ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ფაქტი, რომ რამდენიმე წევრმა სხვადასხვა სამხედრო დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის, M23-ის გამოჩენამდეც კი. ეს ართულებს მათ ინტეგრაციას კონგოს უსაფრთხოების ძალებში ან ამნისტიას.[11] ახალი DDR სტრატეგია მარტში დამტკიცდა და ითვალისწინებს წინა სტრატეგიის რამდენიმე შეცდომასაც. გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნული ფაქტორით ხსნის „23 მარტის მოძრაობის“ დაბრუნებას, სასურველი იქნებოდა, DDR პროგრამების ეფექტურობისთვის მეტი აქცენტის გაკეთება სოციალურ კონტექსტზე, მობილიზაციის პოლიტიკურ ფაქტორებზე, კონფლიქტის დინამიკასა და შეძლებისდაგვარად ინდივიდუალურ მიდგომაზე.

M23-ის ირგვლივ არსებულმა მზარდმა დაძაბულობამ გამოიწვია კონგოსა და რუანდას შორის კონფლიქტის გამწვავებაც, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში დაჯგუფება თავს დაესხა კონგოს არმიის პოზიციებს უგანდასა და რუანდას საზღვართან ახლოს.[12] ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში კონგოს ოფიციალური პირები ისევ ადანაშაულებდნენ მეზობელ რუანდას M23-ის მხარდაჭერაში, მაგრამ ტუტსების მიერ მართვადი რუანდას მთავრობა უარყოფდა ამბოხებულ ჯგუფთან რაიმე კავშირს.[13] აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში ორივე ქვეყნის პრეზიდენტები ერთდღიანი მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მედიაციას ანგოლა უწევდა, შეთანხმდნენ პროცესის დეესკალაციასა და ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების დაბრუნებაზე, M23-ის „დაუყოვნებლივ და უპირობო უკან დახევაზე“ კონგოში დაკავებული პოზიციებიდან და ცეცხლის შეწყვეტაზე.[14]

მნიშვნელოვანია, რომ M23-ის აჯანყებულების ძირითად არგუმენტად ისევ რჩება ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების „არარელევანტურობა“ და შეუსრულებლობა. მას შემდეგ, რაც რუანდასა და კონგოს პრეზიდენტები შეთანხმდნენ სიტუაციის დეესკალაციაზე, დაჯგუფების წევრებმა გამოთქვეს უკმაყოფილება და აღნიშნეს, რომ ისინი არიან კონგოელები და არა რუანდელები და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხოლოდ მათსა და კონგოს მთავრობას შორის.[15] ამას გარდა, ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში M23-ის მიერ ჩრდილოეთ კივუში ხელახლა დაწყებული თავდასხმების გამო, კონგოს არმიამ უარყო მოლაპარაკებების გამართვა აჯანყებულებთან და გადავიდა შეტევაზე. ამის შემდგომ, შეიარაღებულმა ჯგუფმა დააანონსა აღმოსავლეთ კონგოს სოფლებიდან უკან დახევა და აღნიშნა, რომ მათი მიზანი არასოდეს ყოფილა ტერიტორიის დაკავება და მართვა, არამედ კრიზისისთვის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზის პოვნა.[16] ამ გადმოსახედიდან, სამომავლო პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია M23-თან ეფექტური მოლაპარაკებებისა და ნდობის შენების გზების ძიება, რამდენადაც სწორედ აღნიშნულია ჯგუფის უკმაყოფილების ძირითადი განცხადებული მიზეზი.

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია საერთაშორისო არენაზე არსებული სხვა ისეთი კრიზისებიც, როგორიცაა, მაგალითად ომი უკრაინაში და ის, თუ რამდენად შეძლებს საერთაშორისო საზოგადოება, არსებული ვითარების ფონზე, კონგოში საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული და მრავალმხრივი ქმედებების განხორციელებას. სავარაუდოა, რომ დაპირისპირების გაგრძელებასთან ერთად, ვიხილავთ დიდ ადამიანურ მსხვერპლსა და კივუს პროვინციაში დაბრუნებული მოსახლეობის კვლავ იძულებით გადაადგილებას. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის მიხედვით, ბრძოლების განახლების შემდგომ უკვე 1000 ბავშვი ჩამოშორდა თავის ოჯახს.

ფაქტი, რომ კონგოს არმიასა და გაეროს სტაბილიზაციის მისიას უკვე აქვს M23-ის დამარცხების გამოცდილება, შესაძლოა მოქმედებდეს მათ სასარგებლოდ, მაგრამ 2022 წლის ივნისში MONUSCO-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ M23-ის აღმდგარი მეამბოხე ჯგუფი ქვეყნის აღმოსავლეთში კარგადაა შეიარაღებული და აღჭურვილი და მზარდ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. ამასთან ერთად, დაჯგუფება სულ უფრო მეტად მოქმედებს, როგორც კონვენციური არმია, ვიდრე შეიარაღებული ჯგუფი და მალე შეიძლება გადაფაროს კიდეც ლურჯ ჩაფხუტიანების შესაძლებლობები მოსახლეობის დაცვის კუთხით.[17] [18]

ასევე, უნდა მოველოდეთ აფრიკის ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის აღდგენის კუთხით, რამდენადაც აღმოსავლეთ აფრიკის ლიდერები უკვე განიხილავენ კონგოში რეგიონული ძალების განლაგებას.[19] ამასთან, კონგოსა და რუანდას შორის შემდგარი შეთანხმება არ გამორიცხავს სამომავლოდ ამ ორს შორის ისევ დაპირისპირებას, რამდენადაც კვლავ არსებობს ეჭვები რუანდას მიერ აჯანყებულების მხარდაჭერის შესახებ, რასაც ემატება M23-ის უკმაყოფილება მიღწეული შეთანხმებებით.

 

ავტორი: მარიამ ჩხიკვაძე 



[2] https://www.aljazeera.com/news/2012/11/25/who-are-dr-congos-m23-rebels

[3] https://www.aljazeera.com/news/2013/11/5/qa-who-are-dr-congos-m23-rebels

[4] https://www.aljazeera.com/news/2013/11/5/qa-who-are-dr-congos-m23-rebels

[5] https://www.un.org/securitycouncil/sanctions/1533/materials/summaries/entity/m23

[6] https://monusco.unmissions.org/en/background

[7] https://www.aljazeera.com/news/2013/11/5/qa-who-are-dr-congos-m23-rebels

[8] https://press.un.org/en/2012/sc10823.doc.htm#:~:text=Unanimously%20adopting%20resolution%202076%20%282012%29%20under%20the%20Charter%E2%80%99s,gender-based%20violence%20and%20large-scale%20recruitment%20of%20child%20soldiers.

[9] https://www.foxnews.com/world/un-security-council-imposes-arms-embargo-on-m23-and-fdlr-rebels-in-congo

[10] https://www.aljazeera.com/news/2022/4/10/m23-rebels-announce-withdrawal-from-dr-congo-villages

[11] https://www.thenewhumanitarian.org/analysis/2022/07/07/Congo-M23-Rwanda-martial-law-demobilisation-ADF-CODECO

[12] https://www.dw.com/en/m23-rejects-ceasefire-deal-signed-between-congo-and-rwanda/a-62389650

[13] https://www.voanews.com/a/un-well-armed-m23-rebels-resurgent-in-drc/6638775.html?utm_source=iterable&utm_medium=email&utm_campaign=4576875_

[14] https://www.aljazeera.com/news/2022/7/6/dr-congo-and-rwanda-agree-to-reduce-tensions-over-m23-rebels

[15] https://www.dw.com/en/m23-rejects-ceasefire-deal-signed-between-congo-and-rwanda/a-62389650

[16] https://www.aljazeera.com/news/2022/4/10/m23-rebels-announce-withdrawal-from-dr-congo-villages

[17] https://www.voanews.com/a/un-well-armed-m23-rebels-resurgent-in-drc/6638775.html?utm_source=iterable&utm_medium=email&utm_campaign=4576875_

[18] https://www.theguardian.com/global-development/2022/jul/18/m23-rebels-return-to-wreak-havoc-in-north-kivu-drc

[19] https://www.theguardian.com/global-development/2022/jul/18/m23-rebels-return-to-wreak-havoc-in-north-kivu-drc