სიახლე

დაეშთან აფილირებული ტერორისტული ჯგუფები მოზამბიკში და ევროკავშირის ფინანსირების პოლიტიკის ცვლილება

ევროკავშირი განიხილავს ფინანსური დახმარების მიწოდების საკითხს რუანდის შეიარაღებული ძალებისთვის. რუანდის ჯარი ამჟამად იბრძვის დაეშთან აფილირებულ ტერორისტულ ჯგუფებთან მოზამბიკის ჩრდილოეთ რეგიონში, რომელიც მდიდარია ბუნებრივი აირის მარაგებით. ამ წლის სექტემბერში მოზამბიკს და სამხრეთ აფრიკის რეგიონის სხვა ქვეყნებს ეწვია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი. ამ ვიზიტისას დაანონსდა ახალი სამხედრო დახმარება მოზამბიკისთვის, რომელიც რამდენიმე წელია ისლამისტური ჯგუფების თავდასხმის ობიექტია.

სირიასა და ერაყში დაეშის პოზიციების დაკარგვის შემდგომ მათი მებრძოლების უდიდესმა ნაწილმა დაიწყო გადაადგილება აფრიკაში სხვადასხვა მიმართულებით. დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი მოზამბიკის ჩრდილოეთი პროვინცია დელგადოს კონცხია, სადაც დაეშთან აფილირებულმა ჯიჰადისტურმა ჯგუფმა აჰნუ სუნა უალ-ჯამაამ (ASWJ) მოქმედება დაიწყო 2020 წელს. მალევე ჯგუფის მოქმედებები მოზამბიკის ტერიტორიაზე ძალადობრივი გახდა, მათ მიზნებს წარმოადგენდა ტერიტორიების დაკავება, ახალი მებრძოლების რეკრუტირება და რადიკალურ ისლამისტურ იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური ერთეულის ჩამოყალიბება. აღნიშნული ჯგუფი დღემდე მოქმედებს ჩრდილოეთ მოზამბიკში, ხოლო მათ წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით ჩართულია არა მხოლოდ მოზამბიკი, არამედ რუანდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ანგოლა, ბოცვანა, ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფო და ამერიკის შეერთებული შტატები[1]. ადგილობრივ შეტაკებებში მოზამბიკის არმიის გარდა აქტიურად არიან ჩართულნი რუანდის სამხედრო ძალები და სამხრეთ აფრიკის განვითარების კავშირის (SADC) ძალები. როგორც ჩანს, ASWJ-ს მოქმედებები დელგადოს კონცხში რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც, აღნიშნული საკითხი არ კარგავს აქტუალობას უკრაინის ომის და სხვა გლობალური გამოწვევების ფონზე.

საინტერესოა, რომ დელგადოს კონცხის პროვინცია განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი აირისა და ნავთობის რეზერვებით, რომელიც 2011 წელს დელგადოს კონცხის სანაპირო წყლებში აღმოაჩინეს. ასევე, ამ რეგიონში არის ძვირფასი ქვების დიდი მარაგები. ბუნებრივი რესურსების ეს მარაგები მნიშვნელოვნად ზრდის ამ პროვინციის სტრატეგიულ მნიშვნელობას, მით უფრო აფრიკაში მოქმედი ჯიჰადისტური ჯგუფებისთვის, რომელთათვის დაფინანსების სტაბილური წყაროები სასიცოცხლოდ აუცილებელია[2]. თუმცა, ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის კონკრეტულ ტერიტორიაზე ამავდროულად საჭიროა ტერიტორიის კონტროლი და კომპლექსური ინფრასტრუქტურა[3]. ამის გამო, ტერორისტული ორგანიზაციებისთვის შესაძლოა უფრო მოსახერხებელი იყოს უკვე მოპოვებული რესურსების ძალადობრივად მიტაცება, ძარცვა და ა.შ., რაც, ბუნებრივია, საფრთხისშემცველია დელგადოს კონცხზე მოქმედი სხვადასხვა საერთაშორისო ენერგო კომპანიების თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის. მას შემდეგ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციას აქვს წვდომა ბუნებრივი რესურსების მარაგებზე, საჭირო ხდება აღნიშნული მარაგებით უკანონო ვაჭრობა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ შეიძლება იქცეს[4]. ამავდროულად, მოზამბიკში არსებული ბუნებრივი აირის მარაგები კომერციულად საინტერესოა სხვადასხვა მსხვილი ენერგო კომპანიებისთვის. მოზამბიკის ბუნებრივი აირის მარაგები არის საინტერესო პროექტი, რომელიც შეამცირებს ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულებას რუსულ ენერგო პროდუქტებზე[5]. ეს ასპექტი, მოზამბიკის ბუნებრივი აირის მარაგებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის და შესაძლოა, აღნიშნული შესაძლებლობა არის ერთ-ერთი იმ სტრატეგიულ მიზეზთაგანი, რატომაც ევროკავშირი ზრდის დაფინანსებას და დახმარებას აფრიკის ქვეყნების ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის. უკრაინის კრიზისმა გაზარდა ინტერესი მოზამბიკის სანაპირო წყლების ენერგორესურსების მიმართ, დასავლური ენერგო კომპანიები გეგმავენ მასიური გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის მშენებლობას[6]. ფრანგული ენერგო კომპანია „Total”-მა დაიწყო აღნიშნული რესურსების მოპოვება, სადაც უმნიშვნელოვანესი იყო რუანდის სამხედრო ძალის დახმარება, რომელიც უზრუნველყოფდა აფუნგის ნახევარ კუნძულის უსაფრთხოებას ASWJ-ს მებრძოლებისგან. ასევე, ჩრდილოეთ მოზამბიკის სანაპიროებიდან ბუნებრივი აირის მოპოვებით არის დაინტერესებული ამერიკული ენერგო გიგანტი „ExxonMobile” და იტალიური კომპანია “Eni[7].

ამასთან, მოზამბიკი და განსაკუთრებით დელგადოს კონცხის პროვინცია არის სხვა მრავალი სოციალური, ეკონომიკური პრობლემებისა და სუსტი მმართველობის გამოწვევის წინაშე. ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით მოზამბიკი 189 სახელმწიფოდან 181 ადგილზე იმყოფება, მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს[8]. სოციალური უთანასწორობა, უსამართლობა, პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია და სიღარიბე ის მოცემულობებია, რაც საზოგადოებას მნიშვნელოვნად მოწყვლადს ხდის ძალადობრივი ექსტრემისტული და რადიკალური იდეების გავრცელების საშიშროების მიმართ.

მოზამბიკში, და ზოგადად რეგიონში, ჯიჰადისტური ტერორიზმის კუთხით კიდევ ერთი გამოწვევაა ის, რომ ტერორისტები ხშირად ასიმილირდებიან და აირევიან მშვიდობიან მოსახლეობასთან, მიმდინარეობს ადგილობრივი მოზარდების და ახალგაზრდების რეკრუტირება და ელოდებიან კრიტიკულ და საჭირო მომენტს, როდესაც ისინი დაიწყებენ მობილიზებას[9]. ამის გამო, მათი გადაადგილების კონტროლი სულ უფრო რთული ხდება. ამასთან, დაეშთან აფილირებული სხვა ტერორისტული ორგანიზაცია ალ-შაბაბი ცდილობს პოზიციების გაძლიერებას დელგანოს კონცხის დასავლეთით მდებარე პროვინციაში - ნიასაში და ახალი ფრონტის გახსნას[10]. ნიასას რეგიონი უფრო მოსახერხებელია რეკრუტირებული პირების და ტერორისტების გადაადგილებისთვის მოზამბიკიდან ტანზანიაში. ამ რეგიონში ალ-შაბაბის პოზიციების გაძლიერება მნიშვნელოვნად გაზრდის საფრთხეებს რეგიონის და გლობალური უსაფრთხოებისთვის.

2022 წელს ევროკავშირის ფინანსირების პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა აფრიკის რეგიონთან მიმართებით. ამ ცვლილებებამდე, ევროკავშირი African Peace Facility-ს დახმარებით გამოყოფილ თანხებს ამისამართებდა აფრიკის კავშირთან, ხოლო შემდგომ, ბიუჯეტის განკარგვა უმეტესწილად აფრიკის კავშირიდან ხდებოდა. ახალი სისტემით, ევროკავშირი აფრიკის კავშირის გვერდის ავლით აფინანსებს სახელმწიფოებს თუ ორგანიზაციებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში[11]. 2021 წელს ევროკავშირმა დააფუძნა სამხედრო მისია მოზამბიკში, რისთვისაც 2022 წელს გამოიყო 89 მილიონი დოლარი მოზამბიკის არმიის სწრაფი რეაქციის შენაერთის წვრთნისთვის[12]. ამას გარდა, 2022 წლის იანვარში ევროკავშირმა შექმნა სამხედრო წვრთნის მისია მოზამბიკში, რომელიც დელგადოს კონცხის კრიზისის მართვის ერთ-ერთი იარაღია. ევროპის ენერგო კრიზისის მიღმა, გლობალური უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ის ფინანსური სარგებელი და რესურსები, რაც შესაძლოა ჯიჰადისტური ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდეს. დაფინანსების ზრდის მზადყოფნის გარდა, არსებობს რისკები ფინანსების განკარგვის კონტროლის და კორუფციის მიმართულებით, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკაზე. აფრიკის კავშირის, როგორც მაკავშირებელი ხიდის, გაქრობა დაფინანსების სისტემიდან შესაძლოა მსგავს რისკებს ამცირებდეს. ამჟამად, უფრო სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი გადამისამართდება რუანდის სამხედრო ძალებთან, მოზამბიკის სამხედრო ძალებთან და SADC-თან, თუმცა ასევე საყურადღებო რჩება ბიუჯეტის განკარგვის ეფექტიანობა რეგიონში არსებული მმართველობის პრობლემების გამო. აღნიშნული რეგიონი ევროპის ენერგო კრიზისის, ჯიჰადისტური ჯგუფების მოქმედებების და მდიდარი რესურსების გამო ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ რეგიონად რჩება აფრიკის კონტინენტზე, რაც აისახება ევროკავშირის დაფინანსების პოლიტიკაზე უკანასკნელ წლებში.

 

ავტორი: ნინო ლომიძე

 


[2] https://www.crisisgroup.org/africa/southern-africa/mozambique/winning-peace-mozambiques-embattled-north

[3] https://www.kas.de/documents/266761/6686921/The+Exploitation+of+Natural+Resources+in+the+Financing+of+Terrorism+English.pdf/ef5616d5-4bb9-bafb-9c89-9895365d4ef6?version=1.2&t=1583487620551

[4] https://www.securitycouncilreport.org/monthly-forecast/2022-10/peace-and-security-in-africa-financing-of-armed-groups-and-terrorists-through-illicit-trafficking-of-natural-resources.php

[5] https://www.voanews.com/a/amid-energy-crisis-eu-plans-to-help-gas-rich-mozambique-boost-security-/6703328.html

[6] https://www.voanews.com/a/amid-energy-crisis-eu-plans-to-help-gas-rich-mozambique-boost-security-/6703328.html

[7] https://www.reuters.com/article/us-exxonmobil-mozambique-lng-exclusive-idUSKBN285326

[8] https://www.eeas.europa.eu/eeas/helping-fight-terrorism-mozambique-also-contributes-security-europe_en

[9] https://www.crisisgroup.org/africa/southern-africa/mozambique/winning-peace-mozambiques-embattled-north

[10] https://www.crisisgroup.org/africa/southern-africa/mozambique/winning-peace-mozambiques-embattled-north

[11] https://fpi.ec.europa.eu/what-we-do/european-peace-facility_en