2022 წლის ლიბანის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გავლენა ლიბანსა და რეგიონზე
15 მაისს, ლიბანში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში უმრავლესობა დაკარგეს ირანის მიერ მხარდაჭერილმა შიიტურმა მოძრაობამ, ჰეზბოლამ და მისმა მოკავშირეებმა, რომელთაც 128 ადგილიდან მხოლოდ 62 ადგილის მოპოვება შეძლეს, მაშინ როდესაც 2018 წლის არჩევნების მიხედვით, ისინი 71 ადგილით საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდნენ. პრეზიდენტ მიშელ აუნის „ქრისტიანულმა თავისუფალმა პატრიოტულმა მოძრაობამ“ მხარდაჭერა დაკარგა (17 ადგილი), ხოლო ლიბანური ძალები (LF), რომელსაც მხარს საუდის არაბეთი უჭერს, ყველაზე დიდი ქრისტიანული პარტია გახდა (19 ადგილი), დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კი 13 ადგილი მოიპოვეს. ლიბანში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების (საკვების, საწვავის, სამედიცინო მარაგის დეფიციტი, გაუფასურებული ვალუტა) ფონზე, 2019 წლის ეროვნული აჯანყებისა და 2020 წლის ბეირუთის პორტის აფეთქების შემდეგ არჩევნები პირველად ჩატარდა.
სავარაუდოა, რომ რომელიმე მხრიდან კომპრომისის არარსებობის შემთხვევაში, ლიბანი პოლიტიკურ სისტემაში სრული ბლოკირების პირას აღმოჩნდება. ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას პოლიტიკური და სამხედრო ფრთები ქვეყნის თავდაცვითი მანდატის დათმობას არ აპირებს. ჰეზბოლა წარმოადგენს ერთადერთ მილიციას, რომელიც 1975-1990 წლების ლიბანის სამოქალაქო ომის შემდეგ არ განიარაღებულა. ამან კი შესაძლოა არსებული პოლიტიკური ფონი უფრო გაამძაფროს. ჰეზბოლას მოწინავე იარაღის სისტემები აშკარა საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს. ჰეზბოლა ირანის მხარდაჭერით ჩართული იყო სამხრეთ ლიბანისა და სირიის საბრძოლო ველებზე ირანული საფრთხის ქსელის (ITN) წევრების დასახმარებლად, ორგანიზაციის ძალები სირიაში მხარს უჭერენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, ერაყში ეხმარებიან „სახალხო მობილიზაციის ძალებს“ (PMF), იემენში კი ჰუსიტების ბრიგადებს. ირანში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და ლიბანში ჰეზბოლას პოლიტიკური უფლებამოსილების შემცირების ფონზე, სავარაუდოა, რომ ირანის მიერ აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის გამოყენება რეგიონში კიდევ უფრო შეიზღუდება.
საგულისხმოა ახალი სავარაუდო კონფიგურაცია ლიბანის პოლიტიკურ ელიტაშიც. ძალაუფლების გადანაწილების სექტარიანულ სისტემაში ახალი პრეზიდენტი ქრისტიანი უნდა იყოს ხოლო პრემიერ-მინისტრი - სუნიტი მუსლიმი. ამასთანავე შემჩნევადია ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას კონკურენტის, სამირ ჯააჯას პოპულარობის ზრდა, რომელსაც მხარს საუდის არაბეთი და საფრანგეთი უჭერს.
ამასთანავე, სავარაუდოა ისრაელის, საუდის არაბეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების მიერ ჰეზბოლას ერთობლივი შეზღუდვა, რაც ირანის ინტერესებში არსებულ რეგიონულ დღის წესრიგზე გავლენას მოახდენს. ჰეზბოლას წარუმატებლობამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში გზა გაუხსნას ამერიკის შეერთბულ შტატებს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, სპარსეთის ყურის ქვეყნებს და ლიბანის ხელისუფლებას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ანალიზის ავტორი: მარიამ ბალაძე